რევმატოიდული ართრიტის დროს უპირატესად სახსრები ზიანდება, თუმცა ანთება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებშიც. რევმატოიდული ართრიტის დროს დროთა განმავლობაში ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის შეზღუდვა ან დაკარგვა.
მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოვებით 0,5-1% დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით. საქართველოში დაავადების გავრცელების ზუსტი ციფრები არ არის ცნობილი.დაავადებულთა დაახლოვებით 75% ქალები არიან. ქალების 1-3%-ს აქვს რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველაზე ხშირად დაავადება იწყება სიცოცხლის მეოთხე და მეექვსე ათწლეულებს შორის, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, როდესაც ირღვევა იმუნური სისტემის გარკვეული უჯრედების ფუნქცია და ისინი ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს, კერძოდ სახსრებს აზიანებენ. იმუნური სისტემის ასეთი დისფუნქციის მიზეზი უცნობია. მართალია, რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი მიზეზები საბოლოოდ არ არის შესწავლილი, მაგრამ ცნობილია, რომ დაავადების განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს შემდეგმა ფაქტორებმა: მწვავე რევმატიული დაავადება, გრიპი, ანგინა, ქრონიკული ინფექციური დაავადებების გამწვავება, ძლერი სტრესი ან გადაცივება (ჰიპოთერმია)
ჩვეულებისამებრ რა-ისათვის დამახასიათებელია ხელის თითების, მაჯის, ტერფის, კოჭ-ტერფის სახსრების დაზიანება; ზოგჯერ, დაავადება ვრცელდება მენჯ-ბარძაყის, მხრისა და მუხლის სახსრებზეც; როგორც წესი, სახსრები ზიანდება სიმეტრიულად. დაავადება იწყება თანდათანობით, ახასითებს ტალღისებრი და ამასთან, ერთმნიშვნელოვნად პროგრესირებადი მიმდინარეობა: თანდათან პროცესში ერთვება ახალი სახსრები, მათი შემდგომი უხეში დეფორმაციით - ,,რევმატოიდული მტევანი“, ,,რევმატოიდული ტერფი“. დაზიანებულ სახსარში ტკივილი განსაკუთრებით მძაფრდება გამთენიისას, დილით და დღის პირველ ნახევარში. რა-ისათვის დამახასიათებელია ტიპური ,,დილის შებოჭილობა“ (მთლიანად სხეულის და სახსრების შეშუპების შეგრძნება), რომელიც დაავადების მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური გასაღებია, რადგანაც სხვა ტიპის ართრიტებისთვის იგი არ არის დამახასიათებელი. ასევე ტიპიური სიმპტომებია სისუსტე, მადისა და ძილის გაუარესება, ტემპერეტურის მომატება (ზომიერად გამოხატული), შემცივნება, წონაში კლება, კანქვეშა კვანძების (ძირითადად იდაყვებსა და ხელებზე) განვითარება. სახსრების დაზიანებას თან ახლავს გართულებები შინაგანი ოგანოების მხრიდან, რაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სცოცხლეს.
რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა შეიძლება რთული იყოს, რადგან ის ზოგჯერ თანდათანობით ვითარდება მსუბუქი სიმპტომებით. მრავალი დაავადება, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, რევმატოიდული ართრიტის მსგავსია.
რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე და ფიზიკალური გამოკვლევის შედეგებზე, როგორიცაა: სიმხურვალე, შეშუპება და ტკივილი სახსრებში. ხდება ისეთი ანთებითი და იმუნოლოგიური მარკერების განსაზღვრა, როგორიცაა:
ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)
C-რეაქტიული ცილა (CRP)
რევმატოიდული ფაქტორი (RF)
ციკლური ციტრულინებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ანტი-CCP)
რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზისთვის დიდი ღირებულება აქვს მტევნებისა და ტერფების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, თუმცა ზოგჯერ რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი ცვლილება არ ვლინდება, განსაკუთრებით დაავადების პირველი 3-6 თვის მანზილზე.